90 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს რადიოს დიქტორი, ჟურნალისტი თინა ელბაქიძე გარდაიცვალა. საქართველოს რადიოში მუშაობის ოთხი ათეული წლის განმავლობაში, თინა ელბაქიძე იყო რადიოს დიქტორი, მიჰყავდა საავტორო გადაცემები – „რაღაც უნდა გადარჩეს“ და „ლიტერატურული სალონი“. 1980 წელს დააარსა „ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი“, რომლის პირველი სპექტაკლები რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა; შემდეგ თეატრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებობდა; თინა ელბაქიძე ავტორია კრებულებისა: „ჩემი კუნძული“ და „რადიოს ოქროს ფონდის საგანძური“.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი დიქტორისა და ჟურნალისტი გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.