ეროვნული ბანკის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
27-წლიანი მართვის შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან წავიდნენ. თუმცა ორივე დამფუძნებელი ბანკის აქციონერებს შორის რჩება. იმის მიუხედავად, რომ „თიბისის“ სახელით ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელიც უქმდება, ხაზარაძე და ჯაფარიძე ინდივიდუალურად სამართლებრივი დავის გაგრძელებას მაინც აპირებენ და „თიბისიდან“ წასვლას ბანკის იმიჯის დაცვით და მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებით ხსნიან.
სამი დღის წინანდელი გამოსვლისგან გასხვავებით, მამუკა ხაზარაძის ტონი დღეს გაცილებით მწვავეა. „თიბისის“ დამფუძნებელი ფულის შესაძლო გათეთრების ბრალდებით მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აბსურდულად მიიჩნევს და ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეტევად და პირადად მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
საპასუხოდ ეროვნული ბანკი დღეს კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რატომ გახდა მისი ინტერესის საგანი 11 წლის წინ განხორციელებული საბანკო ტრანზაქცია და რატომ ფიქრობს ცენტრალური ბანკი, რომ ამ ტრანზაქციით ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კანონი დაარღვიეს.