ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმე

რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ სუს-ი პირველ განმარტებას აკეთებს საქმეზე, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების გეგმა ერთ-ერთი ეპიზოდია გამოძიების, რომელიც ტერორიზმის და შეთქმულების მოწყობის მუხლებით მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებების დამფინანსებლები და ორგანიზატორები უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები არიან. მიზანი არეულობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა. ვინაობა არ კონკრეტდება. საქმეზე მოწმის სტატუსით უკვე რამდენიმე ადამიანია გამოკითხული – მათ შორის არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები. თუ მმართველი გუნდის ლიდერების კომენტარებს დავეყრდნობით, დანაშაული მომზადების ეტაპზეა გახსნილი, საფრთხე კი აღკვეთილია. ივლება პარალელები ტრამპზე და სლოვაკეთის პრემიერზე მომხდარ თავდასხმებთან და კეთდება მინიშნება ერთიანი მიზნებით მოქმედი ძალების საერთო ხელწერაზე.

კონკრეტულ მტკიცებულებებს და ფაქტებს ითხოვს ოპოზიცია. მოახლოებული არჩევნების ფონზე მათთვის დღეს გავრცელებული ინფორმაცია არადამაჯერებელია. ოპონენტები საკუთარ პოზიციას იმ გარემოებითაც ამყარებენ, რომ ანალოგიური ბრალდებებით სუს-ის მხრიდან ბოლო წლებში არაერთი საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიების შედეგები უცნობია.

იგეგმებოდა თუ არა ქვეყანაში ტერაქტი – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.