გამოჩენილი საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. თენგიზ მუშკუდიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენეს. ხელოვანი 1954 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა წამყვან პარტიებს საოპერო სპექტაკლებში. გადაღებულია ფილმებში „აბეზარა“ და „დიდოსტატის მარჯვენა“. თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.