თემურ აბაზოვის დაკავებისა და აზერ სულეიმანოვისთვის ბრალის წარდგენის მიზეზები პროკურატურაში განმარტეს
რა მოხდა 10 ივნისს მარნეულში. ქალაქის მერის თემურ აბაზოვის დაკავებისა და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატისთვის აზერ სულეიმანოვისთვის ბრალის წარდგენის მიზეზები დღეს პროკურატურაში განმარტეს. საქმეზე გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯაროდ, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ამ ფაქტზე მარნეულის სათემო რადიომ და “სტუდია მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს.
რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც, სავარაუდოდ, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.
სტუდია „მონიტორის “ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში თავად აბაზოვი აღნიშნულ ვიდეოსთან კავშირს უარყოფდა.