შეთანხმდება თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია, ეს ჯერჯერობით უცნობია. ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, დაუთმოს პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი ღია რჩება. „ქართული ოცნების“ სიის მეოთხე ნომერი განმარტავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს რეალურად არ უნდათ გადათვლა და არჩევნები, მათ უნდოდათ რევოლუცია, რომელიც ვერ შედგა. თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია და ამ ხმების რაოდენობა პარალელური დათვლის შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა. „როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ვსაუბრობთ, რვა პარტია ზის ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი ერთი მმართველი პარტია, რომელსაც უკან უდგას 928 ათასი ხმა. ეს არის 50 ათასით მეტი, ვიდრე დანარჩენმა რვა პარტიამ მოაგროვა”. – აცხადებს თეა წულუკიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ვერ აჩუქებს ოპოზიციას რვა ათას ხმას იმისთვის, რომ ისინი პარლამენტში შესვლაზე დაითანხმოს.