თბილისში ამერიკელი სენატორების ვიზიტი იწყება 

უახლოეს საათებში საქართველოში ამერიკელ სენატორებს ელოდებიან.

დელეგაციას ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. მაღალი რანგის სტუმრები თბილისში უკრაინიდან ჩამოდიან. ვიზიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის თვენახევრის წინ ხელმოწერილი შარლ მიშელის შეთანხმება, რადგან ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ჯერ ფასილიტაციის, შემდეგ კი მედიაციის გზით გადაჭრის პროცესში აშშ აქტიურად იყო ჩართული. სენატორები, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, ამერიკის კონგრესიდან საქართველოს მიმართ მკაფიო გზავნილებს აჟღერებდნენ, ახლა უკვე ხელისუფლების პირველ პირებს, ოპოზიციას და მესამე სექტორს პირადად შეხვდებიან და 19 აპრილის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ არსებულ ვითარებას და შეთანხმების პუნქტების აღსრულების პროცესს ადგილზე გაეცნობიან. ამ პროცესში უკვე გამოიკვეთა სადავო თემები. დღის წესრიგში იქნება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე სიტუაციაც. თბილისი ამერიკელი კანონმდებლებისგან რუსეთის მიმართ მწვავე გზავნილებს ელოდება.