თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ევროკავშირის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში 2023“ ორ გამორჩეულ ფილმს მიენიჭა. წელს პირველად პრიზი ორ სხვადასხვა კატეგორიაში გაიცა – მხატვრული და დოკუმენტური. დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში საუკეთესოდ – რეჟისორი ლუკა ბერაძის ფილმი, „ღიმილიანი საქართველო“ დასახელდა, ხოლო მხატვრული ფილმების კატეგორიაში – რეჟისორ აბას ამინის ნამუშევარი სახელწოდებით „უსასრულო საზღვრები“.

გამარჯვებულები პროფესიონალი კინემატოგრაფისტებით და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებულებს ჯილდო ევროკავშირის ელჩმა კინოთეატრ „ამირანში“ გადასცა. ამასთან, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროკავშირის სპეციალურ კატეგორიებში წელს ნომინირებული იყო 10 ფილმი, რომლებიც ადამიანის უფლებებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავდნენ.