თბილისის ოპერის ახალი მუსიკალური ხელმძღვანელი

საქართველოში პირველად  გასულ წელს ჩამოვიდა და ვერდის „აიდა“ იდირიჟორა. ძეფირელის დადგმას მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების მონაწილეობით ისეთი აღფრთოვანება მოჰყვა, რომ მუსიკის კრიტიკოსებმა სპექტაკლს არაერთი რეცენზია მიუძღვნეს. დანიელ ორენი დღეს იხსენებს, რომ თბილისის ოპერის თეატრით და მაყურებლით მაშინვე მოიხიბლა და საქართველოში დაბრუნებაზეც დაიწყო ფიქრი.

„ოპერის ფანტაზია“ – ასე ქვია იმ კონცერტებს, სადაც დანიელ ორენი თბილისის ოპერის  თეატრის მუსიკალური დირექტორის რანგში პირველად გამოვა. არენა დი ვერონას, მეტროპოლიტენ ოპერის, კოვენტ გარდენისა, ბერლინის შტადსოპერისა და სხვა წამყვანი თეატრების შემდეგ მისი სამომავლო გეგმები თბილისის ოპერას უკავშირდება.

მაესტრო ორენი საკუთარი წარმატებული კარიერის პირველ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე „მოამბესთან“ საუბრობს.