„თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილი თავმჯდომარის შალვა შავგულიძის პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებენ. პარტიის სიის პირველი ნომერი, ვახტანგ მჭედლიძე აცხადებს, რომ ნინო გოგუაძესა და შალვა შავგულიძეს „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანება სურდათ, მიზეზად კი პარტიის გადარჩენას ასახელებდნენ. თუმცა „თავისუფალი დემოკრატების“ დიდი ნაწილი გაერთიანების წინააღმდეგი იყო.
პარტიაში ამბობენ, რომ შავგულიძეს პარტიის პირველი ნომრობა შესთავაზეს, შემდეგ კი სიაში იმ ადამიანების შეყვანას გეგმავდნენ, რომლებსაც მეტი რეიტინგი ჰქონდათ, თუმცა, შავგულიძესთვის ეს პირობა მიუღებელი აღმოჩნდა, მას სიის დაკომპლექტება მხოლოდ საკუთარი კადრებით სურდა.
მჭედლიძის განცხადებით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, შალვა შავგულიძის, როგორც პარტიის თავმჯდომარის წასვლამ, პარტია გარკვეულწილად დააზარალა, თუმცა პარტიამ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იმედი აქვთ, რომ ძველ აქტივთან ერთად, მათ უკვე ახალი ამომრჩევლებიც ეყოლებათ.