თავდასხმა დონალდ ტრამპზე - გამოხმაურებები საქართველოში

დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. „ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

ტრამპზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და გმობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა. პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ.“- წერს შალვა პაპუაშვილი.

პენსილვანიაში სროლის ფაქტს ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც: „გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას!“- წერს მდინარაძე.