ტარიფების ომი – უთანხმოება აშშ-კანადას შორის
კანადამ აშშ-ს საპასუხო 50%-იანი ტარიფები დაუწესა – ახალი ზომები ძალაში 8 სექტემბრიდან შევა და 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელს დაეკისრება. კერძოდ, 50%-იანი ტარიფი დაუწესდა ფოლადს, რომელსაც ადრე 25%-იანი ბეგარა ეხებოდა. ასევე თაფლს, ავეჯსა და ტანსაცმელს. 25%-იანი ტარიფი დაეკისრება საოჯახო ტექნიკას, რძის პროდუქტებს, თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს, 15% განისაზღვრება გარკვეულ ინსტრუმენტებსა დანადგარებს, მათ შორის ამწეებსა და კონდიციონერებს. თუმცა, კანადის ფინანსთა მინისტრ ფრანსუა-ფილიპ შამპანის თქმით, ეს კანადის საპასუხო რეაგირების მხოლოდ ერთი ნაწილია, პრინციპით დოლარი-დოლარისთვის. ახალ არსებით ზომებზე კი კოლეგებთან ერთად იმუშავებს. ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა. მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს საწარმოების ლიკვიდურობა და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები კანადელებისთვის.
აღსანიშნია, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, 22 აგვისტოდან აშშ-ში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფი მოქმედებს. 2027 წლის პირველი იანვრიდან კი დამატებით ტრამპი 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება კანადურ ავტომობილებს, ავტონაწილებსა და ფოლადს.