თანამშრომლობა ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან

ოთხწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა – საქართველო კიდევ ერთი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე ხდება.

დღეს ჰააგაში გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა „ევროჯასთთან“ ხელშეკრულება გააფორმეს, -შედეგად საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაულის გამოძიების პროცესში უფრო აქტიურად ითანამშრომლებს. „ევროჯასთი“ – ეს არის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, „ევროჯასთში“ საკუთარი წარმომადგენელიც ეყოლება. შეთანხმების ხელმოწერას წინ უძღოდა არაერთი პროცედურა და შეხვედრა, მათ შორის თბილისში „ევროჯასთის“ ექსპერტების ვიზიტი, რა დროსაც მათ დეტალურად შეისწავლეს, შეესაბამებოდა თუ არა სისხლის სამართლის სფეროში არსებული სტანდარტები ევროპულს.