შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის „ტექნოპარკში“ სწავლება გაიმართა თემაზე – „თანამედროვე პოლიცია და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“. სწავლებაში 15 ოფიცერი მონაწილეობდა. სწავლების მიზანი ონლაინ-კრიმინალთან საბრძოლველად ოფიცრებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება იყო ისეთი საკითხების გაცნობით, როგორიცაა კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, საკომუნიკაციო არხების, სოციალური ქსელების უსაფრთხოება, მობილური და კომპიუტერული ტექნოლოგიების დაცვა, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა, ჰაკერებისა და თაღლითებისაგან დაცვის ზომები. მართლწესრიგის ოფიცრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან იმუშავებენ მათი ინფორმირების ამაღლებისათვის, საჭიროების შემთხვევაში კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომების მიღებაზე მშობლებსაც მისცემენ რეკომენდაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.