გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას ეხმაურებიან „თანაინვესტირების ფონდში“. ამბობენ, რომ გაუგებარია, რატომ გააკეთა ბაჩიაშვილმა განცხადებები არჩევნების წინ თუ თანხების მითვისების ფაქტი მისთვის ცნობილი იყო. მათი აზრით, ხდება თემების პოლიტიზება და იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.
„გავეცანით „TV პირველზე“ გასულ გადაცემას – „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს, რომ თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული. ბაჩიაშვილი როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა ითქვას, რომ მის მიერ აღნიშნული პროექტებიდან ერთ-ერთი „მტკვარი ჰესია“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა და სადაც დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა“, ამბობს დავით გალუაშვილი, რომლის განცხადებასაც თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.
განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც. ინტერესების დამცველის თქმით, უსაფუძვლოა ბაჩიაშვილის განცხადება, თითქოს ივანიშვილმა 400 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს და ეს სიმართლეს არ შეესაბამება. წიქვაძის თქმით, კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ ბაჩიაშვილმა აღნიშნული განცხადება მხოლოდ არჩევნების წინა დღეს გააკეთა.