თამარ კორძაიას განცხადება - გამოხმაურება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ცესკო-მ და საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები. მისივე შეფასებით, ცესკო-მ საოლქო კომისიის დროებით წევრებად აირჩია პირები, რომლის უმრავლესობაც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და საჯარო მოსამსახურეები. კორძაიას თქმით, შეუძლებელია ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი გარემო იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების გამართვაზე, გაუმჭვირვალე და არასამართლიანი პროცედურებით კომპლექტდება.

ბრალდებებს უპასუხეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მათი შეფასებით, ეს არის წინასწარი სტიგმატიზაცია და ბულინგი იმ ადამიანების, რომლებიც საარჩევნო კომისიების წევრებად და ხელმძღვანელ პირებად ჯერ არც კი შერჩეულან. ცესკო მოუწოდებს ყველა მხარეს, ბრალდების გაჟღერების შემთხვევაში კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ. კომისიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ შერჩევა პროფესიული ნიშნით და კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს, მსგავსი შინაარსის განცხადებები კი, უბრალო პოლიტიკური დღის წესრიგია.