თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - ახალი დეტალები

23 წლის გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

წინასწარი ოფიციალური ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე გარეგნული დათვალიერებისას ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენების კვალი არ იძებნება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებამდე ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ცხედრის პოვნამდე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კუთხით გამოძიებასთან პრეტენზიები აქვს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტების გაკეთება უწევს, თუ რატომ არ მოექცა 18-დან 22 ივლისამდე მიმდინარე საძიებო სამუშაოების არეალში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მწყემსმა იპოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე,  შეტყობინების შესვლიდან მეორე დღეს დაიწყო. რაც შეეხება კითხვას, – რატომ ვერ მოხერხდა ცენტრალური გზიდან საკმაოდ ახლოს მდგომი ავტომობილის დროულად პოვნა, – უწყების განმარტებით, გარდაცვლილის მანქანას ინტენსიურად ეძებდნენ სოფელ ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის ჭკვიანმა კამერამ ბოლოს დააფიქსირა. საბოლოდ კი ავტომობილი ამ ადგილიდან 15 კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა. პირველადი დათვალიერების შემდეგ, ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო პასუხამდე, გამოძიება ელოდება იმ კომპიუტერების ექპერტიზის შედეგებს, რომლებიც გარდაცვლილის სამუშაო ადგილიდან ამოიღეს.