უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთის ბატალიონმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს.
სიმულაციური სცენარის მიხედვით, შექმნილ კრიზისში თავდაცვის ძალებისა და შსს ქვედანაყოფებმა კოორდინირებულად იმოქმედეს და დასახული ამოცანა შეასრულეს. ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობდა ქართული წარმოების ტექნიკა „დიდგორი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომელმაც დაჭრილის ევაკუაცია განახორციელა. შსს-ს დაშავებული წარმომადგენლის საჰაერო ევაკუაციაში კი, თავდაცვის ძალების ახლად მოდერნიზებული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი ჩაერთო. საველე წვრთნაში მონაწილეობდა შსს-ს ტექნიკაც. „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბურია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა, სხვადასხვა სასწავლო უბანზე საველე კომპონენტებიც თამაშდება.