სუს-მა ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის, ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების, გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 ათასი დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.

შონიას პასუხისგებაში მიცემა მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. თავად ლევან შონიას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.