ძალადობრივი სცენარის და პროვოკაციების საფრთხე

სუს-ი ბრალდებების და კრიტიკის სამიზნე ხდება.

უწყების დღევანდელმა განცხადებამ შიდა პოლიტიკური მღელვარება გაამძაფრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის გარშემო მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს პროვოკაციებს და ძალადობრივ ქმედებებს ელოდება. უწყება უკრაინაში მებრძოლი ქართველების ჩართულობით უცხოეთიდან დაფინანსებულ დანაშაულებრივ გეგმაზე საუბრობს. სამართალდამცავებისთვის პროვოკაციების მოწყობა, იერიში სპეცრაზმზე, ძალადობრივი ქმედებების პროვოცირება, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, სატრანსპორტო კვანძების პარალიზება – სუს-ი ყველა ამ გეგმის მიზნად ე.წ. მაიდნის მოვლენების განმეორებას აცხადებს და ქაოსის გამოსაწვევად და პროვოცირებისთვის გასროლის ალბათობასაც უშვებს. უსაფრთხოების სამსახურის განცხადების პარალელურად დილიდან ვრცელდება ფარული აუდიო-ჩანაწერები. მასალებში, რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის, აქციების ცალკეული ორგანიზატორები და პოლიტიკური აქტორები პროტესტის გამწვავების გზებზე და გეგმებზე საუბრობენ. რეაქციები მწვავეა – ოპოზიცია სუს-ს გადატრიალების მზადების ფაქტებზე დაწყებულ და დაუსრულებელ საქმეებს ახსენებს და შესაძლო დანაშაულებრივი გეგმის მტკიცებულებებს ითხოვს.