განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. უწყების ცნობით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით, საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების ეს რეჟიმი ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრამდე იქნება. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.