პროტესტის მესამე დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტური მოძრაობის წევრები ამ დრომდე უმაღლესი სასწავლებლის კანცელარიაში რჩებიან.მათი მოთხოვნა უცვლელია – შეჩერდეს სწავლების პროცესი და გაიფიცოს უნივერსიტეტი იქამდე, სანამ კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ლექტორი, აკაკი ჩიქობავა და მასთან ერთად მყოფი გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან. გვიან საღამოს აკადემიური საბჭოს წევრებმა ახალგაზრდებს რექტორისა და პროფესორების პოზიცია გააცნო, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტი არ გაიფიცება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დაკავებულ ჩიქობავას თავდებში ინდივიდუალურად დაუდგებიან. ეს პოზიცია სტუდენტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.