თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდებს ამ დრომდე უმაღლესი სასწავლებლის კანცელარია აქვთ დაკავებული. მათი მოთხოვნა უცვლელია – შეჩერდეს სწავლების პროცესი და გაიფიცოს უნივერსიტეტი იქამდე, სანამ კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული ლექტორი, აკაკი ჩიქობავა და მასთან ერთად მყოფი გიორგი ხასაია არ გათავისუფლდებიან.
სტუდენტების მოთხოვნებს შორის იყო შეხვედრა რექტორთან, რომელიც ჯერჯერობით ვერ შედგა, თუმცა დღის ბოლოს ახალგაზრდებს აკადემიური საბჭოს წევრებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეხვდა, რომელმაც მათ რექტორისა და პროფესორების პოზიცია გააცნო, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტი არ გაიფიცება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დაკავებულ ჩიქობავას თავდებში ინდივიდუალურად დაუდგებიან. ეს პოზიცია სტუდენტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.