თბილისიდან სტრასბურგში სამი წლის წინ გაგზავნილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა მაქარაშვილის და ზურა ბერძენიშვილის მიმართ ევროპის კონვენციის ორი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. სარჩელი 2019 წლის ნოემბერში პარლამენტთან, საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო გამართულ საპროტესტო აქციას ეხებოდა. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ მათი დაკავებით და პატიმრობით შეკრების თავისუფლების და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა. მაშინ მაქარაშვილს და ბერძენიშვილს 12 დღემდე პატიმრობა მიუსაჯეს. სტრასბურგის სასამართლომ კი მათი პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნია. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას და მათ გასახსნელად პოლიციის შეფერხებას სასამართლო დასაგმობ საქციელად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამ გზით პარლამენტის წევრების უფლებების და მათი ფუნქციების უგულებელყოფა მოხდა. თუმცა, სხვა გადაწყვეტილებაა მიღებული კიდევ ერთი მომჩივანის, ირაკლი კაჭარავას მიმართ, რომლის პატიმრობის საფუძვლები სტრასბურგმა ვერ დაინახა.