ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე – „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი, მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) პროცედურული ასპექტის დარღვევას. ასევე, პალატამ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) არსებითი ასპექტის დარღვევას. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციაში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იძლევა საფუძველს, რომ ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გამოძიება მოხდეს და ასევე, გადაწყვეტილება დიდ პალატაში გასაჩივრდეს.