გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მცხოვრებ ოთხ ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. 22 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულები სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. ოთხი ოჯახი ამ დრომდე სასტუმროში ცხოვრობს, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება სასტუმროს ქირის გადახდაზეც უარს ეუბნება.
რამდენიმე დღეა, დაზარალებულები საკვებსაც საკუთარი სახსრებით ყიდულობენ. ცალკე პრობლემაა კომპენსაციების გაცემის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე დავის საგნად რჩება სტიქიის გამომწვევი მიზეზიც.