სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ.  შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად, საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განახლებას შეძლებს.

36 სოფელში  8,500-ზე მეტ ფერმერს საბანკო ბარათები დაურიგდება, სადაც დარიცხული თანხა ქულების სახით აისახება;

თანხის ფულად განაღდება შეუძლებელია.  დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ მაქსიმუმ ხუთი ჰექტარის ოდენობაზე.  ბარათით სარგებლობა შესაძლებელია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების განსაზღვრულ მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალს ფერმერები საბანკო ბარათებთან ერთად იღებენ. აღნიშნულ მაღაზიებში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სათესლე, საჩითილე და სანერგე მასალები, ასევე მცენარეთა მოვლისა და დაცვის საშუალებები.

დარიცხული ქულებით ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ სამელიორაციო მომსახურებაც.