სტიქიის შედეგები კახეთში

სტიქიის შედეგებს ებრძვიან კახეთში. სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მიმდინარეობს გზების გაწმენდა. უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მომარაგების კუთხითაც, 50 ათასი აბონენტიდან ამ დროისათვის ელექტროენერგია აღუდგა 42 ათასს. ძლიერმა ქარმა კახეთის რეგიონის მასშტაბით სამასამდე საცხოვრებელ სახლს და სხვადასხვა შენობას გადახადა სახურავი. მუნიციპალიტეტის მერიებში შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის რაოდენობას ითვლის. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინფორმაცია მასშტაბებთან დაკავშირებით იცვლება.