ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთში დაზიანდა შიდა გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთშიც. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, სოფლების შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ოზურგეთის მერიასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში ნაწილობრივ აღდგენილია.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურშიც. დაზიანებულია გზები, რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
სამეგრელოში სტიქიის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონის იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგია ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდებათ, კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
აჭარისა და გურიის რეგიონების აბონენტების უმეტესობა ელექტროენერგიას სტაბილურად იღებს.