სტიქიის უმძიმესი შედეგები დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო, გურია და იმერეთი სტიქიური პროცესების ეპიცენტრშია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ლანჩხუთში წაქცეულმა ხემ მანქანით მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძლიერი ქარის გამო სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში დაზიანებულია კერძო სახლები, სკოლების და ბაღების შენობები, სკვერები, ელექტროგადამცემი ხაზები. ათეულობით სოფელს ელექტროენერგია ახლაც არ მიეწოდება, პრობლემები შეიქმნა წყალმომარაგების კუთხითაც. მოქალაქეების მიმართ მოწოდებაა, რომ გარეთ გადაადგილებას მაქსიმალურად მოერიდონ. უამინდობით მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. საშტორმო მდგომარეობაა ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. სტიქიის ზონებში მობილური ჯგუფები მუშაობენ. ქარბუქის, თოვლის და ყინვის გამო გადაადგილების სპეციალური რეჟიმი და შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ საავტომობილო გზებზეც. სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალიდან გამოიდარებს.