რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით, 225 მოქალაქე გამოიყვანეს. სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინ-ჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.
პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. დღესვე რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.