სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში 

რაჭაში რვა სოფელი რაიონულ ცენტრს ისევ მოწყვეტილია.

სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია. ოთხ დასახლებასთან მისასვლელი გზების აღდგენა შესაძლოა კიდევ ერთი თვე ვერ მოხერხდეს. პრობლემები რჩება ელექტრო-მომარაგებაშიც. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შოვში, ღებში, პატარა ღებსა და გლოლაში. მდინარის მიერ წაღებულია ხიდები, ჩამოშლილია თითქმის ორკილომეტრიანი ცენტრალური გზა და დაზიანებულია სახლები. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე სოფლიდან ადგილობრივთა ერთი ნაწილის გასახლება გახდეს საჭირო. სტიქიის ზონაში რჩება ვერტმფრენი, რომელსაც ჩაკეტილ სოფლებში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავს.

წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 50 მილიონ ლარს აღწევს.