იყო თუ არა შესაძლებელი დამანგრეველი სტიქიის პროგნოზირება და ადრეული გაფრთხილების სისტემით უმძიმესი შედეგების პრევენცია? – მთავარ შეკითხვებზე კვლავ ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ისმის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეფასების მიუხედავად, თემა აზრთა სხვადასხვაობის საგნად რჩება. რა მოხდა 3 აგვისტოს ბუბის ხეობაში – გეოლოგების ნაწილი განმარტავს, რომ ერთი კვირის წინ ხუთი გეოლოგიური და მეტეოროლოგიური პროცესის შედეგად განვითარებული გლაციალური ღვარცოფი ე.წ. კლასიკური ღვარცოფების კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან ის არა ნალექმა, არამედ კლდეზვავის ჩამოშლამ და მყინვარის ნაწილთან შეჯახებამ გამოიწვია. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის კატასტროფამდე ბუნებრივი პროცესები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუცილებლად იქნებოდა დაფიქსირებული, რაც შეუმჩნეველი არ უნდა დარჩენილიყო. გეოლოგები ახლა იმ პრევენციულ ზომებზე საუბრობენ, რომლებიც მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად მომავალში აუცილებლად უნდა გატარდეს.