რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიას მეორე დღეა მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.
დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს იაპონიის საელჩო. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ: „იმედს ვიტოვებთ, ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“, – აღნიშნავენ საქართველოში იაპონიის საელჩოში.
სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო. „სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვინც ახლობლებს ეძებენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს ოლივერ ვარჰეიც. სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი წერს: „გულწრფელი სამძიმარი მინდა გამოვუცხადო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტიც. „ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებ ღრმა სამძიმარს. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და გამოვთქვამ იმედს, რომ სტიქიის შედეგები მალე აღმოიფხვრება“, – წერს ილჰამ ალიევი.
მწუხარებას და დახმარების მზაობას გამოთქვამს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. „მე გამოვხატე ჩემი სიმპათია ჩემი ქართველი კოლეგის მიმართ ტელეფონით და შევთავაზე უნგრეთის დახმარება სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში, თუ ეს საჭიროა. ილია დარჩიაშვილმა მიიღო ეს შეთავაზება მადლიერებით, შეაფასა ეს როგორც ნამდვილი მეგობრობის ჟესტი და განაცხადა, რომ საქართველო მიმართავს უნგრეთს, თუ მათ საკუთარი რესურსები ამოეწურებათ“, – წერს პიტერ სიიარტო.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმარში კი ვკითხულობთ: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში, შოვში დამანგრეველი მეწყერის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ. ვუსურვებთ ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. იან ლიპავსკი შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმად ვარ დამწუხრებული შოვში მომხდარი ტრაგედიით. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს“, – წერს ლიპავსკი.
დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს უკრაინის პრეზიდენტიც. „ღრმად თანავუგრძნობთ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.