დუშეთის მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე დღეა სტიქიას ებრძვის.
უხვი ნალექისგან მიყენებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე, სადაც მეწყრული პროცესები გუშინ კიდევ ერთხელ განვითარდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. სტიქიის ზონებში იმყოფებიან რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც.
შეგახსენებთ, 26 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა დუშეთის მუნიციპალიტეტს, სადაც ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მნიშვნელოვნად დაზიანდა ცენტრალური და შიდა საუბნო გზების ნაწილი.
როგორ მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტში და არის თუ არა უკვე ცნობილი ზარალის ოდენობა, – საკითხზე „მოამბის“ შეკითხვებს მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ უპასუხა.