ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს დღის განმავლობაში პირველადი საჭიროების ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და სასურსათო პაკეტები დაურიგდებათ. მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ისინი დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან. პროცესში დილიდან ჩაერთო გეოლოგიის დეპარტამენტი, მოხდა ვითარების შეფასება და რისკების განსაზღვრა, მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით დამეწყრილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება ალტერნატიული გზის სამშენებლო სამუშაოები.