ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით გურიასა და სტიქიის ზონას, სადაც სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის ნაპოვნია ორი ცხედარი, ერთ ადამიანს კი ისევ ეძებენ. სტიქიის ზონაში მუშაობს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარეობს არამარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტული მონიტორინგი.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩამოსული ზვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოძრაობა აკრძალულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითისა და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის გაწმენდის სამუშაოები მდინარეებზე წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდინარეები, განვითარდა მეწყრული პროცესები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
რთული ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც, თეა აბსარიძე უახლესი ინფორმაციით შემოგვიერთდება ღია ეთერში.