სტიქია გურიაში

გურიაში სტიქიის ზონაში მაშველებმა ცოტა ხნის წინ მეორე ცხედარი იპოვეს, კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება, ასევე მობილიზებულია ტექნიკა. ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 112-ის მიერ გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები. სტიქიის ზონაში „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს, თეა აბსარიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.