სსმ-ის სამეურვეო საბჭომ არასამთავრობოებს პროგრამული პრიორიტეტები გააცნო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტები გააცნო და მათი შენიშვნები მოისმინა. შეხვედრაზე,  მესამე  სექტორის მხრიდან, ზოგიერთი ინიციატივის დაყენებას კამათი მოჰყვა. შეხვედრაზე მისულების დიდმა ნაწილმა მოითხოვა, რომ შინაარსობრივ პრიორიტეტებში ჩაემატოს რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა უმცირესობების ჩამონათვალი, რაც გააპროტესტეს სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ჯგუფების უფლებები ქვეყანაში არ ირღვევა. იმას, რომ ეს ჩამონათვალი პრიორიტეტებში არ უნდა იყოს, სამეურვეო საბჭოს უმრავლესობაც ეთანხმება. კითხვები შეხვედრაზე ეხებოდა იმ კვლევებსაც, რომელთა საფუძველზეც შეადგინა ბორდმა პროგრამული პრიორიტეტები. საკუთარი ინიციატივები, სამეურვეო საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წერილობით უნდა მიაწოდონ, რასაც შემდეგ ბორდი განიხილავს და გადაწყვეტს აისახება თუ არა დოკუმენტში.