სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგი სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში. სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევთან კავშირში მყოფი კიდევ ერთი პირი დააკავა. ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ახმეტაში ზურაბ იდოიძე აიყვანეს. სოფელ ომალოში მის საცხოვრებელ სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა. ოპერაცია კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად ჩავიდა. სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.