მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 2022 წლის 31 მაისს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში. 2022 წლის 19 ნოემბერს კი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. თუმცა, როგორც პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს განაცხადა, რომ მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით, არასდროს არცერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს უწოდა „უადგილო“. ამის მიუხედავად, როგორც პენიტენციური სამსახური განმარტავს, 2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა. ამის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას.