სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.
გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან სომხეთის პრემიერი ხელშეკრულების 80%-ს შეთანხმებულად აცხადებს. ნიკოლ ფაშინიანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სამშვიდობო ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების ინიციატივით გამოვიდა. ყარაბაღის მეორე ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე ახლა დღის წესრიგის მთავარი თემა სწორედ საქართველოს მეზობლებს შორის მშვიდობის მიღწევაა. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სომხეთს სურს, რომ პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ განხორციელება დაიწყოს, რომლის მიზანი სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და მთელ რეგიონს შორის კავშირების უზრუნველყოფაა. მანამდე კი იყო ოთხწლიანი დაძაბულობა – რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება ძირეულად 2020 წლის 27 სექტემბერს შეიცვალა, როცა აზერბაიჯანის არმიამ ოპერაცია „რკინის მუშტის“ ფარგლებში ყარაბაღის რეგიონი დაიკავა.