სოფლის მეურნეობის დარგის პროფკავშირის თავმჯდომარე შიმშილობის აქციას მართავს
სოფლის მეურნეობის დარგის პროფკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ლევან მთვარელიძე გაერთიანებული პროფკავშირების შენობის წინ შიმშილობის აქციას მართავს. მთვარელიძე დღეს გასამართ სოფლის მეურნეობის დარგის პროფკავშირის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნებს აპროტესტებს, რომელიც, მისი თქმით, კანონის დარღვევით ტარდება.
მთვარელიძე ამბობს, რომ მას თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის კიდევ 2-წლიანი ვადა აქვს, თუმცა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, ეთერ მათურელის უშუალო ჩარევით, ორგანიზაციის წევრებმა მისი გადაყენება გადაწყვიტეს.
მთვარელიძე ამბობს, რომ ეთერ მათურელმა ყრილობა დელეგატებს შანტაჟის გზით დაანიშნინა. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და თავმჯდომარის გადაყენებასთან რაიმე კავშირს უარყოფს ეთერ მათურელი. მისი განცხადებით, ლევან მთვარელიძე საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ვერ ასრულებდა, სამსახურში არ დადიოდა და ორგანიზაციის წევრებმა თავისი ინიციატივით გადაწყვიტეს ყრილობის გამართვა, რის შესახებაც, მისი თქმით, მთვარელიძისთვის ცნობილი ჯერ კიდევ აგვისტოში იყო.
ყრილობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ჩატარდება. ლევან მთვარელიძე კი შიმშილობის აქციის გამართვას აგრძელებს.