სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელს და მის მეუღლეს ამავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი თავს დაესხა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ ჯეფი ატეფ ეზზატ აზიზს და მის მეუღლეს გუშინ შუადღისით ამავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი თავს დაესხა. მამაკაცმა, რომელიც ჯერ მოკვლით ემუქრებოდა ცოლ-ქმარს, შემდეგ იქვე მდგარი ჯეფის კუთვნილი ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა. ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს, თუმცა, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დაზიანებული ავტომანქანა კი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, დაზარალებული ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცი მკვლელობისათვის ნასამართლევია, დამნაშავის დაკავებას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
ამბობენ, რომ სახლში დარჩენის ეშინიათ და უსაფრთხოების მიზნით, ღამის გათენებას პოლიციის განყოფილებაში გეგმავენ.