მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ახალი ამბულატორია გაიხსნა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრიც განთავსდა. სოფლის ექიმების გარდა, პაციენტებს კონსულტაციას გარკვეული პერიოდულობით, თბილისიდან მიწვეული სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებიც გაუწევენ. შენობაში ინტეგრირებულია ტელე-მედიცინის აპარატიც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დერმატოლოგის, კარდიოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციების დისტანციურად ჩატარება. ამბულატორია მუხრანისა და ქანდის 7000-მდე მცხოვრებს მოემსახურება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კი – მუხრანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს.