ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების გაუქმებას ეხმიანებიან.
მათი განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დახურვით, ჩნდება რისკები, რომ ადამიანები დარჩნენ შესაბამისი სერვისის გარეშე და დაუბრუნდნენ ისედაც გადატვირთულ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, სადაც უფრო მაღალია რისკი, რომ დაირღვეს პაციენტთა უფლებები. ორგანიზაციების ინფორმაციით, კლინიკამ ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების დახურვაზე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში მიიღო, რომლის ძირითად მიზეზადაც დაფინანსების პრობლემები დასახელდა. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს კლინიკის მხრიდან არასათანადო მენეჯმენტს, რასაც თან ერთვის სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე არა სათანადო ზედამხედველობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდანაც.