„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი; მმართველი პარტიისა და ხელისუფლების კი, 32 გვერდი. ამ კატეგორიის გვერდებზე კვლევის ფარგლებში, სულ 14 290 საჯარო პოსტი გაანალიზდა. აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუქზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გააქტიურება შეიმჩნევა. მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსაც.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ფეისბუქზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 69 გვერდი გამოვლინდა, რომელთა მიზანია ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება. დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ.