„სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები

ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით – ასოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით – ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით ან ორი, ან მეტი ცხოველის მიმართ, ეს დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით – ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ერთიდან სამ წლამდე. კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.