ცხოველის წამების ფაქტზე არასრულწლოვანია ბრალდებული

ცხოველის წამების ფაქტზე ბრალდებული არასრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თებერვლის თვეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, არასრულწლოვანმა თავისივე „პიტბულის“ ჯიშის ძაღლს სასტიკად აცემინა „მეტისის“ ჯიშის ძაღლი, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც, ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა.