დღეიდან საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრის პროცესი დაიწყო.
მიმართვიანობა მაღალია. „სინოფარმით“ იმუნიზაცია ქვეყნის მასშტაბით 30 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს.
შემოტანილი 100 000 დოზიდან 18 000 უკვე დაჯავშნილია. პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ შექმნილი ამ პრეპარატით ვაქცინაციის დაწყება საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ავტორიზაციის პროცესის დასრულებამდე გადაწყვიტა. საგანგებო მოხმარებისთვის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემას ჯერ კიდევ წინა კვირას ელოდებოდნენ, თუმცა ჯანმო-მ პროცესი გაახანგრძლივა, გადაწყვეტილება კვირის ბოლოსთვის უნდა გამოცხადდეს. ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებული ვაქცინა ორგანიზმში ინაქტივირებული ვირუსის შეყვანას გულისხმობს და მას, როგორც ექიმები განმარტავენ, გვერდითი ეფექტები პრაქტიკულად არ ახასიათებს. მკვეთრად გაუარესებული ეპიდ-მონაცემების და ახალი შტამების ცირკულირების ფონზე ვაქცინაციის ტემპი ისევ დაბალია. თუ მაისსა და ივნისში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 5 000-6 000-მდე არ გაიზრდება, იმუნიზაციის გეგმა ჩავარდება.